Friday, April 29, 2011

ვასკა გეგელია


ეს მოხდა ბათუმში, 1985 წლის შემოდგომის გრილ დილას ( 5 ნოემბერს) გეგელიების ოჯახში დაიბადა ვაჟი. მას ბაბუის სახელი, ვასილი (ვასო) დაარქვეს. ასე დაიწერება XXII საუკუნის ქართული სკოლების, ერთ-ერთი საგნის სახელმძღვანელოში... ეს ხუმრობით... დავიბადე ქალაქ ბათუმში, პირველი ორი კლასი ვისწავლე ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში. მესამე კლასიდან გადმოვედი თბილისში. გამოცდების შემდეგ მიმიღეს სკოლა " ბალავარში" საიდანაც დაიწყო ჩემი თბილისური ოდისეა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, გარკვეული წლების შემდეგ, უკვე ყმაწვილკაცობაში ჩავაბარე ESM თბილისში. 2008 წელს მორჩა ჩემი სტუდენტობა და ჩავეწერე საქართველოს, სრულ განაკვეთზე მომუშავე მუშათა კლასში. გავიდა დრო და აღმოვჩნდი შორეულ და ჩემთვის უცნობ ჩინეთში, სადაც დავყავი ერთი წელი პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში. დავეუფლე ჩინური ენის საფუძვლებს და დავბრუნდი სამშობლოში. ამჟამად ვცხოვრობ თბილისში, ოჯახთან ერთად. ვარ რეალითი შოუს ერთ ერთი თორმეტთაგანი. ღრმა ახალგაზრდობაში ვთამაშობდი კალათბურთს. დღეს აღარ ვეწევი აქტიურ სპორტულ ცხოვრებას, უბრალოდ თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად თუ გავერთობი. საერთოდ ძალიან მიყვარს მეგობრებთან ერთად დროის გატარება, იქნება ეს სათამაშო მოედანზე, სუფრასთან თუ უბრალოდ სახლში. ძალიან მიყვარს ფიქრი, დროის უმეტეს ნაწილს ფიქრში ვატარებ. ვფიქრობ ყველაფერზე დაწყებული ბიზნეს იდეებიდან დამთავრებული ზოგად საკაცობრიო თემებით. წიგნი ჩემი ერთ-ერთი კარგი მეგობარია, ყოველ საღამოს ძილის წინ ერთი გვერდი მაინც უნდა წავიკითხო ხოლმე. თავს ვიქცევ წერითაც, მსიამოვნებს როდესაც ფურცლელზე გადამაქვს ხოლმე ჩემი ნააზრევი, ლექსის ან რაიმე ჩანახატის სახით. აუცილებლად კალმით ფურცელზე და არა კომპიუტერში. ბავშვობაში ბაკურიანის ჯაგლაგ ცხენებზე ვისწავლე ჯირითი და შეძლებისდაგვარად დღემდე ვერთობი ამ სპორტით. მიყვარს კარგი და ხარისხიანი მუსიკა, ვარ ქართული ფოლკლორისა და ქალაქური სიმღერის მოტრფიალე. ხშირად ჩემი გამბედაობა და სურვილი აღემატება ჩემს სასიმღერო მონაცემებს. თუმცა, ძირითადად მეგობრების წრეში სიმღერის წამომწყები მე გახლავართ გამგრძელებლები კი შესანიშნავი მომღერლები. საქმეში ვაფასებ, ერთგულებას, პროფესიონალიზმს, გუნდურობას და პასუხისმგებლობას. მიყვარს როდესაც დაკავებული ვარ საქმით და ვარ რეჟიმში. ვცდილობ წინასწარ განვსაზღვრო რისკები და შესაძლო ნაბიჯები მაგრამ გარკვეულ სიტუაციებში ვრისკავ კიდეც, რადგან შეუძლებელია ყველაფრის წინასწარ განსაღვრა. აუცილებლად მიმაჩნია სხვისი აზრის მოსმენა. მჯერა, რომ ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე სწავლობს. P.S. ეს არის ჩემი უმოკლესი ავტობიოგრაფია, მგონი საკმარისია პატივისცემით ვასილ გეგელია

No comments:

Post a Comment